ბლოგი კლინიკური ნეიროფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირთათვის

Pages

page I


                                                       ჰიპერლექსია

ლიტერატურაში ტერმინი ‘’ჰიპერლექსია’’ პირველად 1967 წელს გამოჩნდა და უკავშირდება Silberberg & Silberberg-ის სახელებს, რომლებმაც აღწერეს ბავშვების შემთხვევები, რომლებიც სიტყვების კარგად და სწრაფად კითხვის ფონზე ვერ იგებდნენ წაკითხული მასალის შინაარსს. აღნიშნული კატეგორიის ბავშვებს აერთიანებდათ ისიც, რომ ისინი კითხვას სწავლობდნენ 5წლამდე ასაკში მარტივად, აქტიური ვარჯიშის გარეშე. ამასთან, ასეთ ბავშვებს აღენიშნებოდათ მეტყველების ან სოციალური ურთიერთობების (ან ორივესი ერთად) სირთულეები.  

ჰიპერლექსია არ არის დიაგნოზი. ის შეიძლება ჩავთვალოთ მხოლოდ სიმპტომად, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მდგომარეობების დროს.

ამგვარად, ჰიპერლექსიის მქონე ბავშვებს აქვთ შემდეგი მახასიათებლები:
უფრო კარგად განვითარებული კითხვის უნარები, ვიდრე მოსალოდნელია მათი ქრონოლოგიური ასაკის ნორმიდან გამომდინარე ან უბრალოდ ძლიერი ინტერესი ასოებისა და ციფრების მიმართ;
ü ნაბეჭდი მასალის მიმართ ინტერესი ვლინდება ძირითადად 5წლამდე ასაკში.

ü ვერბალური მეტყველების გაგების სირთულეები;

ü ანომალური სოციალური უნარები, ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემები.

ჰიპერლექსია შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი მდგომარეობების დროს:

Ø განვითარების პერვაზიული ტიპის დარღვევები - აუტიზმი, ასპერგერის სინდრომი, სემანტიკურ-პრაგმატული აშლილობა

Ø მეტყველების დარღვევები - ექსპრესიული მეტყველების დარღვევა, რეცეპტული მეტყველების დარღვევა, მეტყველების შერეული ტიპის დარღვევა

Ø ყურადღების დეფიციტი;

Ø კოგნიტური განვითარების შეფერხება;

Ø დაქვეითებული სმენა;

Ø ნევროლოგიური დაავადებების დროს - მაგ. ეპილეფსიური შეტევების, კორძიანი სხეულის აგინეზიის ან ტურეტის სინდრომის დროს.


გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჰიპერლექსიის მქონე ბავშვებს, რომლებსაც აქვს ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ტიპის დარღვევა, რეაბილიტაციის პროცესში უკეთესი პროგნოზი აქვთ ჰიპერლექსიის ნიშნების არმქონე ბავშვებთან შედარებით. CUPPERMAN-ის და მისი კოლეგების ჩაატარეს ლონგიტუდური დაკვირვება ბავშვებზე, რომლებსაც 2-2.5 წლის ასაკში ჰქონდათ ჰიპერლექსიის ნიშნები. ბავშვებს ჰქონდათ მწირი სიტყვები ლექსიკონში, ექოლალიები, უჭირდათ მეტყველების გაგება და ავლენდნენ აუტისტური სპექტრისთვის დამახასიათებელ ქცევით თავისებურებებს. ზოგიერთ მათგანს ჰქონდა ანტისოციალური და ოპოზიციური ქცევებიც. დროთა განმავლობაში, ექსპრესიული და მიმართული მეტყველება მკვეთრად გაუმჯობესდა და აუტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც შეიცვალა. აღნიშნული კვლევით დადასტურდა ორი ჰიპოთეზა:
1.      ჰიპერლექსიის მქონე ბავშვებს რეაბილიტაციის პროცესში უკეთესი პროგნოზი აქვთ;
2.      ჰიპერლექსია შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებშიც, რომელთაც არ აქვთ აუტიზმი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერლექსია ხშირ შემთხვევებში მჭიდრო კავშირშია ფსიქიკური განვითარების დარღვევებთან თუ ნევროლოგიურ დაავადებებთან, არის შემთხვევებიც, როცა მისი სიმპტომატიკა ცალკეულად, ყოველგვარი დაავადების გარეშეც ვლინდება.
Darold A. Treffert გამოყოფს სამი ტიპის ჰიპერლექსიას:
I კატეგორია - ამ კატეგორიაში შედიან ბავშვები, რომლებიც კითხვას ადრეულ ასაკში იწყებენ ტიპიური ნევროლოგიური და ფსიქოლოგიური განვითრების ფონზე. თუმცა, ასეთ შემთხვევებში ბავშებს მშობლები უკითხავდნენ ხშირად. ბავშვი ადრეულ ასაკში იწყებს წიგნის ‘’კითხვას’’, რაც არის კარგი ვიზუალური მეხსიერების შედეგი -თავიდან  ბავშვი უბრალოდ ერთმანეთთან აკავშირებს გარკვეულ სიტყვებს და გვერდზე მოცემულ ნახატებს , შემდეგ კი იწყებს რეალურად სიტყვების კითხვას და არა უბრალოდ მათ გახსენებას. ბავშვი უკვე სხვა წიგნშიც ახერხებს აღნიშნული სიტყვების წაკითხვას. სკოლის ასაკისთვის ბავშვებმა უკვე იციან კარგად კითხვა.

II კატეგორია - ამ კატეგორიის ბავშვებს აქვთ ჰიპერლექსია აუტიზმის ნიშნებთან ერთად. ისინი კითხვას იწყებენ ფენომენოლოგიური მხედველობითი მეხსიერების შედეგად. ხშირად კარგადაც ანგარიშობენ  ეს მახასიათებლები უკავშირდება აუტისტური სპექტრისთვის დამახასიათებელ მეტყველების, სოციალურ და ქცევით სიმპტომებს. როგორც წესი, მათ აქვთ აუტიზმის, ასპერგერის ან  განვითარების პერვაზიული აშლილობის დიაგნოზი.
ამ ჯგუფის ბავშვები ხშირად მოიაზრებიან სავანტის სინდრომის მქონე პოპულაციად.
III კატეგორია - ეს არის ყველაზე ნაკლებად  ცნობილი ჰიპერლექსიის ტიპი. ამ ჯგუფში შემავალ ბავშვებს აქვთ აუტისტური ნიშნების მსგავსი მახასიათებლები და ქცევები, რომლებიც დროთა განმავლობაში ქრება.

             ეს ბავშვები ადრეული ასაკიდან იწყებენ კითხვას, აქვთ ძალიან კარგი მეხსიერების უნარები. ისინი ასაკობრივ ნორმას შესაძლოა სხვა სფეროების უნარებითაც უსწრებდნენ. მათ აქვთ უჩვეულო სენსორული ინტერესები, ექოლალია, ლაპარაკობენ მესამე პირში, არიან რიგიდულები და ცვლილებების მიმართ რეზისტენტულები, აქვთ უჩვეულო რიტუალები, შიშები და ფობიები და ძლიერი ვიზუალური და სმენითი მეხსიერება. თუმცა აქვთ კარგი თვალით კონტაქტი და ახლო ადამიანებთან კარგადაც ურთიერთობენ.  ხშირად არიან მოსიყვარულეები ოჯახის წევრებთან და შეიძლება თანატოლებთანაც. შეიძლება ვლინდებოდეს სხვა აუტისტური ნიშნებიც, თუმცა ეს ნიშნები დროთა განმავლობაში ქრება და ბავშვები აღწევენ თავიანთი ასაკისთვის ტიპიური განვითარების დონეს. ასეთ ბავშვებს კარგი პროგნოზი აქვთ. 
          


No comments:

Post a Comment